აუ, კაცო, შენ რაც უნდა იდეალურად აკეთებდე რაღაცას და პროფესიონალი იყო, „მაგაზე არ არი“ რა… რაღაც სხვა გჭირდება, ხომ ხვდები — აი, გამართლება და რამე. აბა, ვის აინტერესებს, შენ რა შეგიძლია. მარტო შენ ხომ არ შეგიძლია. შენნაირი იმდენია, ვინ მოთვლის. ამიტომ გეუბნები, „მაგაზე არ არი“-მეთქი.
განა მარტო საქმეშია ასე. ზოგადად ცხოვრებაში გჭირდება გამართლება, დაწყებული პირადი ამბებით, დასრულებული შინაგანი მდგომარეობით. რომ მიიზლაზნები ყოველდღიურად და ვერ ხვდები, აბა ამას რატომ ვაკეთებო, მანდაც უნდა გაგიმართლოს და მიხვდე, საერთოდ რა გინდა. თითქოს, მექანიკურ ტიპად იქცევი და უცბად ელდანაცემივით წამოხტები — მოიცა, ამას რატომ ვაკეთებ?! რეალურად, ეგეც გამართლება არაა? აბა ის სჯობს, საერთოდ რომ ვერ გამოფხიზლდე?!
მოკლედ, „მაგაზე არ არი“-მეთქი ვამტკიცებ და სულ ამაზე მომდის კამათი ნაცნობებთან.
– ხომ იცი, რა მაგრად ვმღერი და ვერ ვხვდები, რატომ არ ვარ პოპულარული…
– მაგაზე არ არი!
– გუშინ ჩემი ოროსანი კლასელი შემხვდა და ოროსანი კი არა, მილიონერი გამხდარა. აბა, მე რა მჭირს?
– მაგაზე არ არი, ხომ გეუბნები
– რა ლამაზი გოგოა და ჯერ კი ვერ იპოვა ვინმე წესიერი
– მაგაზე არ არი
– რა „კაი ოჯახის შვილია“ და სულ ქუჩაში დგას
– მაგაზე არ არი!
– ყველაფერი აქვს და მაინც უკმაყოფილოა
– მაგაზე არ არი
– ორი უმაღლესი დაამთავრა და სახლში ემტვერება ეგ დიპლომები. ნეტავ, რატომ ვერ იყენებს?!
– ეჰ, მაგაზე რომ იყოს… მაგრამ მაგაზე არ არი
– დედა მოცეკვავე ჰყავდა და თვითონ რა ტლანქია, ფუფ
– მაგაზე არ არი
– შვილი ისე გაზარდა, არაფერი დაუკლია, მაგრამ ახლა სადღა ახსოვს ვაჟბატონს
– მაგაზე არ არი
აი, ასე სულელივით ვიმეორებ ამ სამ სიტყვას, ბოლოში ს-საც სპეციალურად ვაკლებ. მგონი, ასე უკეთ უნდა ჟღერდეს ხალხისთვის. მარა რა ხეირი?! არც კი ესმით. შტერივით ვზივარ და გავიძახი, ენა ამექერცლა უკვე, მაგრამ ეს მაგაზე არ არი. რაღაც სხვა მიზეზი უნდა იყოს. ან საერთოდ რა საჭიროა ეს ჩაძიებები?! არის და მორჩა, იყოს. რად უნდა ამას გამორკვევა, ადამ და ევამდე ჩასვლა, წიაღების გარღვევა და ამბები — რაც არის არის და რაც არ არის, არ არის.
ვერც ამ აბზაცში გეტყვით რამე ახალს. მხოლოდ იმის გამეორება შემიძლია, რომ „მაგაზე არ არი“. ის კი არ ვიცი, რაზეა, მაგრამ მაგაზე არა, რა… მე საიდან უნდა ვიცოდე, რა მაგიურ თუ დებილურ წესებს ემორჩილება ამ ქვეყნის წესრიგი?! ან რა ვიცი, ნანულის გოგომ როგორ აჯობა მაყვალას ბიჭს და მაინც როგორ ვერ „გათხოვდა სარფიანად“.
მარა გუშინ ყური მოვკარი, გიას მეზობელს მაგარი პატრონი გამოუჩნდაო და ე, მგონი მაგაზეა!
ავტორი: ქეთია ბელქანია