ნამუსზე აგდებისკენ მიმართული ფრაზა, რომლის მიზანიც ადამიანის დარცხვენაა. როგორ იკადრა, როგორ გაბედა და როგორ დაუშვა, ასეთი ამინდი ჰყვარებოდა? არ იცის, რომ საზოგადოდ მიღებულია მხოლოდ და მხოლოდ ერთი კონკრეტული ამინდის სიყვარული? ოღონდ გააჩნია, ვისთვის როგორ — ზოგჯერ წვიმაა პრობლემა, ზოგჯერ კი — მზე.
თითქოს მართლა ჩემს ან ვინმე სურვილზე იყოს დამოკიდებული, როგორ გადაწყდება ატმოსფეროს ფიზიკური მდგომარეობა. გეგონება, ისე გვისმენდეს სამყარო და ისე გვიხდენდეს ოცნებებს, ამინდის პროგნოზის გადასაწყვეტადაც ჩვენ გვიხმობდეს. არადა ადარდე ახლა, რა გვინდა ჩვენ. თუმცა ყოველ ჯერზე, როცა წვიმა თქეშით წამოვა, კეფაში ვგრძნობთ სითბოს მოყვარული ხალხის გამჭოლ მზერას. ლამის ჯოჯოხეთში გაგვაგზავნონ წვიმის გულწრფელი სიყვარულის გამო.
– კმაყოფილი ხარ ახლა?! წვიმა წვიმაო და აჰა!
– რატომ არა, შენ ზიხარ სახლში თბილად და ვინც გარეთ სველდება, მაგათ რა პასუხი უნდა გასცე?!
– რა ჯობია სითბოს? არ გცივა, არ სველდები, გარეთ მზეა… იყავი ახლა ამ მობუზულ ამინდში და უყურე წვიმას, უსინდისო!
ჰო, როგორი უნამუსოები და საზიზღრები ვართ — ვგდივართ და წვიმა გვიყვარს. ეს რა ადამიანის საქმეა?! თანამედროვე სტანდარტებით, ყოვლად ნორმალური პიროვნება უნდა განადიდებდეს მზიან ამინდებს. ნების თავისუფლება კი გვაკერია პირზე, მაგრამ როგორც კი ერთმანეთთან მოვალთ წინააღმდეგობაში, პირველყოფილთა ჩვეულებებს ვუბრუნდებით. ხელში წარმოსახვითად ვიმარჯვებთ ქვის იარაღებს — უფრო სწორად, ენაზე ვიბამთ და ეგაა, ნადირივით დავესხმებით მსხვერპლს. წინასწარვე მომზადებული გვაქვს კლიშეებად ქცეული ბრტყელ-ბრტყელი ფრაზები.
ზოგჯერ ვფიქრობ, რაღაც დაუწერელი კანონების წიგნიც კი არსებობს, რომელშიც ამოვიკითხავთ, რა უნდა ვუთხრათ მას, ვისაც წვიმა ასე ძლიერ უყვარს: შევარცხვინოთ, დავამციროთ, წვიმაში გაგდებით დავემუქროთ, მზიანი ამინდის არაჩვეულებრიობაზე ველაპარაკოთ, სხვები შევაცოდოთ, არაადამიანობაზე მივუთითოთ, სახით წვიმას შევუშვიროთ… გეგონება, რაღაც უპატიებელ ცოდვაში ვიყოთ ჩაფლულები. ჩვენც იმდენი რამის თქმა შეგვიძლია ჭარბი სიცხის საწინააღმდეგოდ, მაგრამ პირში წყალჩაგუბებულები ვდუმვართ ხოლმე. გალუმპულ-დამცირებულები, ოდნავ დარცხვენილებიც.
დიდ დაპირისპირებაში რომ არ გადაგვეზარდოს, უბრალოდ რეკომენდაციას გაგიზიარებთ, როგორ შეგიძლიათ წვიმის შეყვარება… მოკლედ, როგორც კი ცის ნაპრალი გაიხსნება და ნელ-ნელა შემოგაპარებთ ცივ წვეთებს, დადებითად განეწყვეთ. თუკი სახლში ხართ, სასწრაფოდ მოიმზადეთ ყავა/ჩაი — თბილად მოკალათდით და დატკბით წვიმის ყურებით. თუ გნებავთ, მუსიკაც ჩართეთ, მაგრამ მე ბუნებრივი ხმის მოსმენა მირჩევნია. ხოლო გარეთ ყოფნისას მოიმარჯვეთ ქოლგა, შევარდით პირველივე კაფეში და მიჰყევით ანალოგიურ ნაბიჯებს. ალბათ, არაფერი სჯობს ისეთი გარემოს შექმნას, როცა შეგიძლია, დაუფარავად მიეცე მელანქოლიას, მშვიდად გადაეშვა სევდიან ან ნეიტრალურ ფიქრებში და მზიანი ამინდი მაინცდამაინც პოზიტიურობის შენარჩუნებას არ გაძალებდეს.

Leave a comment