ამ არამატერიალისტ ადამიანს ბავშვობიდანვე მატერიალისტური თვისება მახასიათებს — უფრო ზუსტად, ესთეტიკური ნივთებით უკიდეგანოდ აღტაცება. იმდენადაც კი, რომ მინიმუმ ერთი დღის განწყობაში გადამდის. ნუ მთლად ესთეტიკურზეც არაა დამოკიდებული, უბრალოდ ცოტა „თავი გამოვიჩინე“ და ჩემი ესთეტი ბუნება ჩავაკვეხე. შეიძლება, ახალი შამპუნის ყიდვამაც კი ერთიანად ჩამომაშოროს წინა დღეების დეპრესიული განწყობა. არ ვიცი, ალბათ რაღაც მატრაკვეცული ახირება დამჩემდა. ფსიქოლოგის გადმოსახედიდან თუ შევხედავ, შინაგან განცდებს მატერიალურ ნივთებზე გადმოტანით ვახშობ, რაც ლოგიკურად ცუდია. მაგრამ ახლა საკუთარი თავის განკითხვას ან „გამოსწორების“ გზაზე დადგომას კი არ ვაპირებ… რატომღაც შამპუნით თუ გავინებივრე თავი (უფრო თმა), მონანიებას რომ შევუდგე, რა!
ახლა მთავარი ამბავი იმისთვის, რომ კარგად აღიქვათ, რამდენად მეზიზღებოდა ფრაზა „მზით გაცვითე“ სულ! მხატვრულად — ზაფხულის ერთი ლამაზი დღე იდგა, ბაღელ, ეზოში მოტანტალე ბავშვს კი რა გააბედნიერებდა იმაზე მეტად, ვიდრე ულამაზესი შლაპუნები („შლოპანცების“ ქართული ვერსია ახლახან დამკვიდრდა). ახლაც მახსოვს, ცისფერი ძირით, ყვითელი ზორტებითა და ვარდისფერი ყვავილით მორთული რომ მომიტანა დედამ. სასწრაფოდ მოვირგე და გავმატრაკვეცდი გარეთ. ე, მანდ ჩამეცა გულში მახვილი — მეზობელმა გაბადრული სახით მითხრა: „მზით გაცვითე“…
რას ჰქვია გაცვითე?! რატომ უნდა გავცვითო? ძალიან მაინტერესებდა ახლა მე, ბაღის და ეზოს ბავშვს, ეს ხატოვანი გამოთქმები. მთავარია, გაცვეთის მნიშვნელობა ვიცოდი და ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც ძალიან უფრთხილდება ნივთებს, მომაკვდინებელი სიტყვაა. დავიბოღმე. გულში ჩავიდე. ვფიქრობდი, გამითარსა-მეთქი ჩემი ახალი შლაპუნები.
სევდითა და ბრაზით გაბერილმა დედაჩემს რომ ვუთხარი, რაც მოხდა, კარგად კი დამცინა. მერე იმ მეზობელმაც დამცინა. ოღონდ კარგად და საყვარლად, გულუბრყვილოდ. თუმცა არაცნობიერად მაინც არ მიყვარს ეს ფრაზა. მაინც გაცვეთაა. რამე სხვა ალტერნატივა ხომ შეიძლება — მზიან დღეებში მოიხმარე, ბედნიერად მოიხმარე… რა ვიცი, რამე.