ნეტავ ვიცოდე, საიდან მოდის ეს ფენომენი… წელიწადში რამდენჯერმე რომ ჟღერდება — ძირითადად, რაღაც განსაკუთრებული დღესასწაულებისას. მაგალითად, ბარბარობას ლობიანი თუ არ ჭამე, ცუდადაა შენი საქმე. არაფრით არ შეიძლება! თუნდაც არ გიყვარდეს, მაინც უნდა ჭამო. ნათლისღებას კუპატი და გოგრა უწევსო, დღეს გავიგე საერთოდ. და კიდევ ერთ დღეზე ამბობენ, „თევზის ჭამააო“ (უნდა გავიხსენო, არ გამომრჩეს შემთხვევით).
ბიუჯეტურად კია გადანაწილებული, ავოკადოს ხომ არ გვტენიან ძალით. უბრალოდ, საინტერესოა, „ძველთაგან“ განსაზღვრეს ეს ყოველწლიური მენიუ? მრგვალი მაგიდის ირგვლივ შეიკრიბნენ მისტიკურ ლაბადებში გამოწყობილი ტიპები და საგულდაგულოდ გადაანაწილეს „დღეს რისი ჭამაა“ დღეები. ამერიკაში ინდაურს თუ ჭამენ, ჩვენ ლობიო და თევზი გვერგო, მოწიწებულად. იქვე რაღაც სიმბოლურ დატვირთვებსაც ჩააქსოვდნენ, ადამიანებს ემოციური ბმა რომ ეგრძნოთ — ცოტა შიში, თუ მართლა არ ვჭამეთ, რამე ცუდი მოხდებაო. ზოგადად, ძალიან კი გვიყვარს მსგავსი მნიშვნელობების მინიჭება. ალბათ, ერთგვარი გარანტიაა იმისა, რომ თუკი მართლა შევჭამთ, დადებითი მუხტიც არ დააყოვნებს.
საახალწლო მენიუს ყოველწლიურ ცვლილებაზე აღარაფერს ვამბობ. ნუ, ოღონდ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ურყევი კერძების გვერდით — გოზინაყი, საცივი და მარად მარტოსული ოლივიე. ამათ გარდა ყველაფერი იცვლება, ხელსახოცების ფერით დაწყებული, სალათებისა და ხორცის ტიპებით დასრულებული. როგორც ამბობენ, სწორედ ამ სუფრაზეა დამოკიდებული ჩვენი ერთწლიანი ბედი! რასაც ჭამ ის ხარ კი არა, რასაც ჭამ, ისე გაგიმართლებს ცხოვრებაო.
წარმოიდგინეთ, მართლა ამ ლუკმა-ყლუპებზე თუა დამოკიდებული ჩვენი ბედ-იღბალი, როგორი ირონიული იქნება ცხოვრება?! სულ ფეხებზე თუ ჰკიდია სამყაროს, რას და როგორ გავაკეთებთ, რამდენს ვიწვალებთ მიზნების მისაღწევად… არა! მთავარია, „რისი ჭამაა დღეს?“ არ გამოგრჩეს და ზუსტად წესების მიხედვით ჭამო.
ყველაფერი ჭამამდე დადის?!