ისეთი ფრაზაა, შინაგანად რომ გამხნევებს და მოგიწოდებს, მიდი და იყიდე, რაც გინდაო. „ერთხელ ცხოვრობ“-ის ფინანსური განხრაა, მეტად კონკრეტულ საკითხს მიემართება და პირდაპირ შენს გონებაში გაჩენილ იმპულსს ურტყამს. თითქოს, ეკონომიურობისკენ მიმართულ ნაწილს ნამუსზე აგდებს და რიტორიკულად ჩაგრავს, უარგუმენტოდ ტოვებს — „მაინც გვეხარჯება და რა მნიშვნელობა აქვს, გადავავადებ თუ არა? ამას თუ არ ვიყიდი, მერე სხვა რამეში გავფლანგავ. აბა, შემეპასუხე!“
ეს ჩვენი პედანტი ძუნწიც თვალებდაშტერებული ნებდება. მასზე კარგად ვინ იცის ადამიანის მფლანგველობითი ხასიათი, მუდმივად რაღაცის ყიდვის სურვილი რომ შეიპყრობს. ბეჭდების მბრძანებლის მოჯადოებული ბეჭდის მსგავსად მივყვებით სურვილებს და ყველა ხელისშემშლელ ფაქტორს მონდომებით ვიგერიებთ. დაიღალა ეს საწყალიც ამდენი ბრძოლით. ბოლოს ყველა მას ადანაშაულებს, ცუდ ტიპად გამოჰყავს, თითქოს ვინმესთვის რამე ენანებოდეს. არადა რა ქნას, უფრო მეტად რეალისტია, ვიდრე შთამბეჭდავ იდეებს აყოლილი ოპტიმისტი.
ხელფასის ჩარიცხვის პირველ საათებში განსაკუთრებით მაცდური ბუნებით გამოვირჩევით: თვალწინ წარმოსახვით კატალოგად გადაგვეშლება სურვილების სია. ე. წ. კალათაშიც ვამატებთ კონკრეტულ პროდუქტებს, თან კატეგორიიდან კატეგორიაში ნავიგაციაც არ გვიჭირს და თუკი რაიმე გამოგვრჩა, მყისიერად მივბრუნდებით. პარალელურად, გონებაში გაუჩერებლად ვიმეორებთ: „მაინც გვეხარჯება, მაინც გვეხარჯება, მაინც გვეხარჯება“… ამ ფრაზის ყოველი წარმოთქმა კი მინიმუმ 10 ლარის ტოლფასია. თუმცა, მგონი, ვალუტის კურსი თითოეული ინდივიდის მიხედვით ითვლება და ნაწილდება. არ ვიცი, ბოლომდე კომპეტენტური არ ვარ ამ საკითხში.
ისე შევდივართ აზარტში, რეალური ვალდებულებები დროებით გვავიწყდება. ამ ფინანსურ განშტოებას კი უკვე სხვა „დეპარტამენტებიდანაც“ ამხნევებენ: სხვას თუ აქვს, შენც უნდა გქონდეს; ამდენს მუშაობ და არ იმსახურებ?; სურვილიც ვალდებულებაა; ნუ აკლებ საკუთარ თავს ყველაფერს… მოკლედ, შეძახილებში ენამოსწრებულები არიან ეს გაიძვერები! აგაგდებენ, ტვინს გამოგილაყებენ, შეგაგულიანებენ და ბოლოს შენს ანგარიშს გაგინახევრებენ. თუ ძალიან გაუტიეს, ორნიშნა რიცხვამდეც ჩამოგიყვანენ.
გიჟურად აშლილ სურვილებს ვიკმაყოფილებთ, ხარბად დავეწაფებით, როგორც ერთიანად მოყუდებულ წყალს. ბოლოს კი მოვდივართ გონს და ვხვდებით, რომ ამდენის დალევა სულ არ გვჭირდებოდა, მაგრამ აბა, რას ვიზამთ? „მაინც გვეხარჯება“-ს „მაინც დაგვეხარჯა“ ანაცვლებს. აქ იწყება მთელი ერთთვიანი თვითგვემა — ის ეკონომიური ძუნწი, ჩვენთვის კარგი რომ უნდოდა, ცოტა გაყოყოჩებული გვახსენებს თავს; გული კი შემტკივა, მაგრამ ღირსი ხარო. თან ცინიკური ღიმილი ტუჩის კუთხეებში შერჩენია და მომდევნო დაჩაგვრამდე ასე აგდია, ირონიულად.
მაგრამ მაინც დაგვეხარჯებოდა და რა მნიშვნელობა აქვს?!
ავტორი: ქეთია ბელქანია

Leave a comment