პოტენციურად იმედისმომცემი ფრაზა, რომელიც კონკრეტული გეგმების გაწერისგან გვიცავს, პირდაპირ პასუხისმგებლობას გვარიდებს და სამომავლოდაც გვაიმედებს. მიესადაგება ყველანაირ სიტუაციას — მაგალითად, როცა ახალ საქმეს იწყებ და ბევრი რამ გაურკვეველ ბურუსშია გახვეული, „იქნება რამე“ მაგიურ დატვირთვას იძენს. „სეზამ გაიღეს“ ტოლფასია… უცბად ყოველგვარი ეჭვი, შიში ქრება. შინაგანად გრძნობ, მიუხედავად ნებისმიერი დაბრკოლებისა, რამე იქნება რა. ისე არ დარჩები.
ანდაც აგერ, „ახალი წლების“ შუაგულში რომ ვართ, ყველანი სხვადასხვა ემოციით ვხვდებით 2024-ს. წარმოდგენა არ გვაქვს, როგორი იქნება, რას მოგვიტანს მომდევნო 12 თვე, მაგრამ რამე იქნება რა. სულ ბოლო კაპიკებს რომ ითვლიდე ჯიბეში, იქნება რამე! რაღაც გამოჩნდება, რაღაცას იშოვი.
ალბათ, უკიდეგანოდ ოპტიმისტი უნდა იყო ამ შეგონების გასაცნობიერებლად. წარმოიდგინე, ბევრი პრობლემა გაქვს, არ იცი, რა ქნა. ფიქრობ, რომ ჩიხში ხარ, ვეღარ გაუძლებ. მაგრამ ეგრე სადაა? ადამიანის გონებას ხომ ასეთი ჯადოსნური თვისება აქვს: გამოუვალ სიტუაციებში ისეთ გამოსავალს პოულობს, საღ გონებაზე აზრად რომ არ მოგვივიდოდა. ჰოდა, ასეთ დროს ბუნებრივად ამოვილუღლუღებთ: იქნება რამე! ე, მანდ ლაგდება მერე ყველაფერი. სხვანაირი მუხტი ეძლევა ცხოვრებას. უცბად შემოგიცოცდება გონებაში სიმხნევე — საშიშად პოზიტიურ განწყობაზე დგები. იმდენად კარგად ხარ, რომ იქვე ფონად გახსენდება ავისმომასწავებელი აქსიომა: „ძალიანაც ნუ გიხარია, თორემ რამე გეწყინება“.
მერე რა, თუნდაც რამდენიმე წუთში ისევ მოიწყინო, კვლავ პრობლემების წინაშე აღმოჩნდე, მაინც ამ მოცემულობამდე მიხვალ: იქნება რამე და ასე დაუსრულებლად. რეალურად, არასდროს იცი, ზუსტად რა იქნება, მაგრამ უეჭველად ხვდები, ისე არ დარჩები.
სხვების გასამხნევებლადაც ყველაზე გამოსადეგი ფრაზაა. მით უმეტეს, მაშინ, როცა მთლად დარწმუნებული არ ხარ, რომ მართლა იპოვის გამოსავალს ან წარმატებას მიაღწევს. პირდაპირ და მარტივად: იქნება რამე და მორჩა. იმასაც იმედი ეძლევა, შენც აცილებული გაქვს ზედმეტი პასუხისმგებლობა.

Leave a comment