ბოდიში, მაგრამ მომაკვდინებელ ცოდვაში ვარ ბოლომდე ჩაფლული — 100%-ით მეზიზღება ავოკადო. არარსებობის გემო რომ აქვს და საკუთარ თავში ვერ გარკვეულა, საერთოდ რანაირია, რას ითხოვს, რა უნდა ან როგორია მისი მენტალური მდგომარეობა. ჰო, რა იყო?! თუკი ადამიანებს მოგვეთხოვება გამუდმებით იმის განხილვა, აბა, დეპრესიაში ხომ არ ვართ ან შფოთვის სიმპტომები არ აღგვენიშნება, ამ ყოყოჩ ავოკადოს რატომ არ უნდა მოვთხოვოთ ამაზე დაფიქრება? დიდი ამპარტავნებით კი დაგვყურებს, გეგონება იდეალური იყოს — არადა ზოგჯერ მკვახეა, ზოგჯერ კი სულ ერთიანად ჩამპალია! კარგად რომ იწოდება, მაშინაც რანაირია.
არიქა, ბანანთან ერთად დადეთ ჯამში და დამწიფდებაო. ზუსტად ასეთია ჩემთვის მისი მთელი არსი — სულ სხვა პროდუქტთან ყოფნა სჭირდება იმისთვის, რომ რაღაცას წარმოადგენდეს. ერთხელ გაბედეთ და თქვით, ავოკადო არ მიყვარსო და მაშინ მიხვდებით, რას ვგულისხმობ: გაგიჟდი?! ეგ ეგრე ცალკე კი არ უნდა ჭამო… თევზს უხდება, კვერცხს, გახუხულ პურს, ლიმონიც უნდა მოაწურო და ბეკონთან ხომ საერთოდ სასწაულია (გთხოვთ, ამ ინგრედიენტებთან შეზავებას ნუ გაითვალისწინებთ — წარმოდგენა არ მაქვს, რა უხდება და ნუ წაირწყმიდავთ რეცეპტორებს).
ამ აბზაცს ისევ ბოდიშით დავიწყებ, რადგან ბოლომდე ვაცნობიერებ, რამდენად სენსიტიურ თემას ვეხები! ფაქტობრივად, მიწასთან ვასწორებ ამ უცოდველ, სპეტაკ ავოკადოს. განა რა დამიშვა? არც მწკლარტე გემო დაუტოვებია პირში, არც ზედმეტად აუწვავს და არც მეტისმეტად ჩაუტკბია… ჰოდა ზუსტად ეგაა პრობლემა: თუ ვერაფერი მომცა, ტყუილად რას მაკარგვინებს დროს?! ჯერ ამხელა კურკა უნდა ამოაცალო, გეგონება, ოპერაციას უტარებდე. მერე ატყლარწული მასა ან უნდა დაჭრა, ან დაჭყლიტო. საბოლოოდ კი დამოუკიდებლად კი არ უნდა ჭამოო, კაცო, ყველაფერი ზედ უნდა დააყარო, აურიო — იმ დონემდე, რომ ავოკადომ საწყლად ამოილუღლუღოს „ყოფნა, არ ყოფნა, საკითხავი აი, ეს არის“…
არა, სასარგებლო ნამდვილად არის სახსრებისთვის, გულისა და სისხლძარღვებისთვის, ნერვებისთვის, თვალებისთვის, ბრონქებისთვის, ნაწლავებისთვის, იმუნიტეტისთვის და ა. შ. მაგრამ რა ვქნა, ახლა მხოლოდ გემოს რეცეპტორების სუბიექტურ ჭრილში ვლაპარაკობ — ხომ შეიძლება, სხვა ფაქტორები დავივიწყო და თავისუფლად ვალაპარაკო?!
მე ნუ მომისმენთ. ავოკადოს არ ვჭამ და ნერვებზე დამეტყო, ხომ ხედავთ? აბა, რომელი ჭკუათმყოფელი გალანძღავს ამ სათუთ არსებას ასე ცინიკურად…
ავტორი: ქეთია ბელქანია

Leave a comment